ის გამოყოფს მმართველობის ორ ტიპს: ცენტრალიზებულს და დეცენტრალიზებულს. (ქვემოთ იხ. შესაბამისი ნაწყვეტი ნიკოლო მაკიაველის "მთავრიდან")
პირველი ტიპის მაგალითად მოყავს ოსმალეთის იმპერიის მმართველობითი სისტემა - ამ შემთხვევაში ძალაუფლების წყარო არის ვერტიკალის ცენტრი. სისტემა არის პრეოცირებული მის გარშემო. ამ სისტემაში ყველას ძალაუფლება, ლეგასი აქვს ამ სისტემის ცენტრის ნება-სურვილით და თუ დაკარგავს მის წყალობას - კარგავს ყველანაირ ძალაუფლებას, გავლენას.
მაკიაველი აღნიშნავს, რომ ასეთი "ქვეყნის დაპყრობა, როგორიც თურქეთი გახლავთ; მაგრამ თუკი დაპყრობა შესძელი, მისი შენარჩუნება ძალზე ადვილია".
ასეთ სისტემებს დღეს ვეძახით ცენტრალიზებულ სისტემებს, რომლებსაც გააჩნიათ შეცდომის ცენტრალური წერტილი (Single Point of Failure (SPOF) - a system that, if it fails, will stop the entire system from working) და ამ ცენტრის ჩამოშლის შემდეგ, სისტემა მთლიანად გამოდის წყობიდან. ასეთი სისტემების მაგალითია უნიტარული სახელმწიფოები და ჩვენში არსებული ყველა დიდი პოლიტიკური პარტია (ქო, ენმ).
მეორე შემთხვევაში (საფრანგეთის ფეოდალური მონარქია მოყვას ილუსტრაციად) - ძალაუფლების წყარო განაწილებულია, მისი წყარო არაა ლიდერის ნება-სურვილი. შესაბამისად, სისტემა წარმოადგენს ძალაუფლების ცენტრების ფედერაციას.
მაკიაველი აღნიშნავს, რომ "ამნაირ სახელმწიფოში შეღწევა ძალზე ადვილია: საკმარისია გადაიბირო ესა თუ ის ბარონი, ვინაიდან ყოველთვის მოიძებნებიან უკმაყოფილონი და ახალი წესრიგის მოსურნენი", "მაგრამ გამარჯვების შედეგთა შენარჩუნება ურიცხვ სიძნელესთანაა დაკავშირებული, რასაც თანაბრად განაპირობებენ შენი მოკავშირეებიცა და შენს მიერ დათრგუნვილი მტრებიც. ამიტომაც საკმარისი არ არის მუსრი გაავლო მარტოოდენ მთავრის საგვარეულოს, ვინაიდან კვლავინდებურად დარჩებიან სხვა მბრძანებლები, რომლებიც სათავეში ჩაუდგებიან ახალ შეთქმულებებს. და თან ვერც მათი დაშოშმინება და ვერც მათი ამოძირკვა შესძელი, სახელმწიფო მტრისთვის ხელსაყრელ პირველსავე შემთხვევაში გამოგეცლება ხელიდან."
ასეთ სისტემების მოდიფიცირებული ვარიანტია დეცენტრალიზებულ სისტემები, რომლებსაც გააჩნია რამდენიმე ცენტრი და ერთ-ერთის დეაქტივაციის შემთხვევაში წყობიდან გამოდის მხოლოდ სისტემის მხოლოდ(!) ის მონაკვეთი, რომელიც ასეთი ცენტრის “გარშემოა” კონსოლიდირებული. მაშინ როდესაც სხვა სეგმენტები აგრეძელებენ ფუნქციონირებას. ამ ტიპისაა ფედერაციული სახელმწიფოები (მაგ. აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა).
დღეს არსებობს უფრო მოდერნიზებული ვარიანტი, როდესაც ძალაუფლება განაწილებულია უფრო დაბალ ერთეულებზე ე.წ. განაწილებული (დისტრიბუციული) სისტემები.
ასეთ სისტემებში მმართვის საფუძველი არის ერთ რანგიანნი და სრულიად ავტონომიურნი კვანძები (Node) - არ გააჩნიათ A single point of failure (SPOF), არც “ცენტრალურ” და არც “რეგიონალურ” დონეზე - შესაბამისად, დეაქტივაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ კონკრეტული ელემენტის, რომელიც რაიმე მიზეზით (მაგ. კიბერ-შეტევა) არაკორექტულად მუშაობს. ეს არ იწვევს სისტემის (დაზიანებულის გარდა) წყობიდან გამოყვანას და სისტემის უკლებლად ყველა სხვა ელემენტი შეუფერხებლად მუშაობს. დაზიანებული ელემენტის აღდგენის შემდეგ, იგი მარტივად ერთვება სისტემაში და აგრძელებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას. ამ მოდელის ტექნოლოგიური რეალიზაციაა ბლოკჩეინზე (Blockchain) დაფუძნებული სისტემები.
ამის მაგალითებია ქალაქთა კავშირები (ძველ საბერძნეთი, ჰანზის კავშირი...), ამ მიმართულების გამოხატულებაა მეტი თავისუფლება თვითმართველობებისათვის ფედერაციულ სახელმწიფოებშიც. დღეს ამ კონცეპტის ერთ-ერთი ვერსიაა "ქარტიის ქალაქები" (Charter City) კავშირი. ქარტიის ქალაქების მაგალითად გამოდგება ჰონგ კონგი, სპეციალური ეკონომიკური ზონები, რომლებიც ჩინეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური ლიდერობის საფუძველი გახდა.
პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც შეიძლება დისტრიბუციულ სისტემებს შევადაროთ, არის ძალები, რომლებშიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილების (მაგ. პრეზიდენტის ან დეპუტატების ნომინაცია) მიღება არის ამომრჩევლის პრეროგატივა. ამ სისტემებში არა ერთი ლიდერი, ან ლიდერთა ჯგუფი წყვეტს ვინ უნდა იყოს კანდიდატად ნომინირებული, არამედ ამომრჩევლები პრაიმერის გზით.
ჩვენი საზოგადოების წარმატებული განვითარება დამოკიდებულია, რამდენად დროულად შევძლებთ ამ უახლესს მოდელებზე გადასვლას, როგორც პოლიტიკური ძალების შიდა, ასევე, საჯარო მმართელობის დონეზე.
პ.ს. არ დაგვავიწყდეს, რომ ქართული კულტურის განვითარებასა და გადარჩენაში, სწოორედ ჩვენი კულტურის დეცენტრალიზაციამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. ცენტრალიზებული მოდელი, როდესაც მოსახლეობის 50% ცხოვრობს ერთ ქალაქში (თბილისი) არის საბჭოთა მემკვიდრეობა, იძულებით შექმნილი რათა მარტივი ყოფილიყო მათთვის ჩვენი მმართვა. დავითის მიერ თბილისს მუსლიმან-ვაჭრებისათვის სპეციალური ზონის შექმნა ერთიანი საქართველოს ფარგლებში იყო შეიძლება ჩაითვალოს "ქარტიის ქალაქის" ადრეულ, წარმატებულ მაგალითად.
თავი IV
რატომ არ აჯანყდა ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი
დარიოსის სამეფო ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ
მისი მემკვიდრეების წინააღმდეგ
"[...] ყველა სამთავროს, რომელთა ხსოვნაც კი შემოგვრჩა წარსულიდან, ორი სხვადასხვა ფორმით მართავდნენ:(1) მბრძანებელია ან ერთი მთავარი, ხოლო დანარჩენნი თითქოს მისი მსახურნი და ყმები არიან, რომლებიც მხოლოდ მთავრის წყალობითა და ნება-სურვილით ეხმარებიან მას სამთავროს მართვაში, და
(2)კიდევ მბრძანებლობენ მთავარი და ბარონები, რომლებიც თავიანთ თანამდებობას მთავარს კი არა, თავიანთ ძველისძველ წარმომავლობას უნდა უმადლოდნენ.
ამ ბარონებს საკუთარი სამფლობელოები აქვთ და თავიანთი ქვეშევრდომებიც ჰყავთ, რომლებიც მათ თავიანთ მბრძანებლებად აღიარებენ და ბუნებრივი სიყვარულით უყვართ ისინი.
იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც მთავარი და მისი ყმები მართავენ, მთავარი დიდი გავლენით სარგებლობს, ვინაიდან მთელს ქვეყანაში, მის გარდა, არავინაა ისეთი, უზენაეს მბრძანებლად რომ ითვლებოდეს, და თან სხვა ვინმეს მაინც ემორჩილება ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ როგორც მის მსახურს თუ მოხელეს, რომელთაც მაინცდამაინც დიდი სიყვარულით როდი ემსჭვალვიან.
მმართველობის ამ ორი სხვადასხვა ფორმის ნიმუშად ჩვენს დროში თურქეთი და საფრანგეთი გვევლინება.
თურქეთის მთელს მონარქიას ერთი მბრძანებელი მართავს, დანარჩენნი კი მისი ყურმოჭრილი ყმები არიან. სანჯაყებად დაყოფილ მთელს თავის საბრძანებელში ის სხვადასხვა მოხელეებს აგზავნის და საკუთარი ნება-სურვილით ცვლის მათ.
საფრანგეთის მეფეს კი ურიცხვი პატარა მბრძანებელი ახვევია გარს, რომლებსაც ოდითგანვე აღიარებენ და თაყვანს სცემენ მათი ქვეშევრდომნი. მათ თავიანთი პრეროგატივები აქვთ, რომელთა ხელყოფაც მეფეს სასიკეთოს არას უქადის.
ვინც კარგად დაუკვირდება როგორც ერთ, ისე მეორე სახელმწიფოს, დაინახავს, რარიგ ძნელია ისეთი ქვეყნის დაპყრობა, როგორიც თურქეთი გახლავთ; მაგრამ თუკი დაპყრობა შესძელი, მისი შენარჩუნება ძალზე ადვილია. თურქეთის სამეფოს დაპყრობასთან დაკავშირებული სიძნელის მიზეზები ისაა, რომ, ჯერ ერთი, ამ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთაგან ვერავინ მიიხმობს დამპყრობელს, და, ეგეც არ იყოს, ამ უკანასკნელს არც იმის იმედი შეიძლება ჰქონდეს, რომ მეტ-ნაკლებად ხელს შეუწყობს თავის ლაშქრობას სულთანის დაახლოებულ პირთა ამბოხების გზით, რისი მიზეზებიც ზემოთ უკვე მოვიხსენიე. რაკიღა ყველანი სულთანის ყმები და მოვალენი არიან, მათი გადაბირება ძნელი საქმეა, მაგრამ, კიდევაც რომ გადაიბირო, ბევრს ვერაფერს გამორჩები, ვინაიდან, ზემოხსენებულ მიზეზთა გამო, მათ არ შეუძლიათ ხალხიც გაიყოლიონ უკან. ამიტომ ის, ვინც თურქეთზე თავდასხმას აპირებს, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, რომ ერთსულოვნად დარაზმულს ჰპოვებს მას, და უფრო საკუთარი ძალების იმედი უნდა ჰქონდეს, ვიდრე მტრის ბანაკში განხეთქილებისა. მაგრამ თუკი თურქეთი ძლეულ იქნა და ბრძოლის ველზე ისეთი მარცხი განიცადა, რომ ლაშქრის გამოყვანა ვეღარ შეიძლო, დამპყრობელის მთელი ყურადღება შეიძლება მთავრის საგვარეულოზე იქნეს გადატანილი. თუკი მას ამოჟლიტავს, არავის შიში აღარ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან სხვები ხალხის მხარდაჭერით არ სარგებლობენ. და როგორც გამარჯვებულს შეუძლებელია ხალხის იმედი ჰქონოდა გამარჯვებამდე, ისე გამარჯვების შემდეგ თამამად შეუძლია აღარ ეშინოდეს მისი.
სულ სხვაგვარადაა საქმე ისეთ სახელმწიფოებში, რომლებსაც საფრანგეთის დარად მართავენ. ამნაირ სახელმწიფოში შეღწევა ძალზე ადვილია: საკმარისია გადაიბირო ესა თუ ის ბარონი, ვინაიდან ყოველთვის მოიძებნებიან უკმაყოფილონი და ახალი წესრიგის მოსურნენი, რომლებმაც, ზემოხსენებულ მიზეზთა გამო, შეიძლება გზა გაგიხსნან სახელმწიფოში და გამარჯვება გაგიადვილონ, მაგრამ გამარჯვების შედეგთა შენარჩუნება ურიცხვ სიძნელესთანაა დაკავშირებული, რასაც თანაბრად განაპირობებენ შენი მოკავშირეებიცა და შენს მიერ დათრგუნვილი მტრებიც. ამიტომაც საკმარისი არ არის მუსრი გაავლო მარტოოდენ მთავრის საგვარეულოს, ვინაიდან კვლავინდებურად დარჩებიან სხვა მბრძანებლები, რომლებიც სათავეში ჩაუდგებიან ახალ შეთქმულებებს. და თან ვერც მათი დაშოშმინება და ვერც მათი ამოძირკვა შესძელი, სახელმწიფო მტრისთვის ხელსაყრელ პირველსავე შემთხვევაში გამოგეცლება ხელიდან."

No comments:
Post a Comment